ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები საზოგადოებას ატყუებენ
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები საზოგადოებას ატყუებენ

ოდირის დასკვნით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური პანაშვიდი, ეს დასრულდება სექტემბერში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს.

„თქვენ ხედავთ, როგორ ატყუებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები საზოგადოებას. ამბობენ, რომ თითქოს კლასიკური გაგებით გერმანული მოდელი გააგზავნეს, თუმცა იტყუებიან. ეს მოდელი მისი კლასიკური გაგებით არ გაუგზავნიათ. რეალურად ამბობენ, თითქოს ეუთო/ოდირმა თქვა, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისია, მაგრამ ეუთო/ოდირმა რეალურად მოიწერა და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის კონსტიტუციურობის საკითხს არ და ვერ შეამოწმებს. ის, რაც არ შეუმოწმებია, როგორ შეიძლება იმაზე თქვა, რომ ოდირმა კონსტიტუციასთან შესაბამისობა დაადგინა. ის, რომ ეს ადამიანები არიან მატყუარები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, ჩვენ ვიცით, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემთ.

ამ დასკვნით დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“, მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური პანაშვიდი, ეს დასრულდება სექტემბერში. ოქტომბერში, როდესაც ჩატარდება არჩევნები და შედეგები დაიდება, ჩვენი საზოგადოება დააფიქსირებს მხარდაჭერას „ქართული ოცნებისადმი“ და ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელსაც უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, არის სწორი და გამოსავალზე ორიენტირებული.

„მოდელი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რომ შევამციროთ მაჟორიტარების რაოდენობა, იყოს 73-ის ნაცვლად 50, პროპორციული წესით გავზარდოთ და იყოს 100, ეს არის ძალიან სწორი, არის გამოსავალზე ორიენტირებული, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული. თუ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები ამ ადამიანებს აღელვებთ და მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე არ არიან ორიენტირებულები, მათ ეს შეთავაზება უნდა მიიღონ. ჩვენ გამოვდივართ არა ჩვენი პარტიული ინტერესებიდან, არამედ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ამიტომ, ეს მოდელი არის კომპრომისული და არის დემოკრატიული, იმედი მაქვს, რომ ამ მოდელზე მათი მხრიდან თანხმობა იქნება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული,საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.