ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები გაღიზიანებული არიან, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და კანონის შესაბამისად იმოქმედა
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები გაღიზიანებული არიან, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და კანონის შესაბამისად იმოქმედა

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და  კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატის ხედვას მოისმენენ, ასევე ყველას ექნება შესაძლებლობა კითხვები დასვან.

„ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტი პარტიები არიან გაღიზიანებული იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად და პირები, ვინც პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდნენ სისტემური დანაშაულებისთვის და ა.შ. საქმეები გახსნა, მათ ბრალი წაუყენა. ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი თუ სხვა. „ნაციონალურ მოძრაობის” დღის წესრიგი არის იმ ჯგუფების დღის წესრიგი, რომლებიც არიან სუბიექტურად მიკერძოებული. მათი გაღიზიანების მიზეზია, პროკურორმა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად რატომ იმოქმედა და რატომ წაუყენა ბრალი ადამიანებს, რომლებიც სისტემური დანაშაულების ჩადენაში არიან მხილებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს.

„ამის გამო ისინი ყველაფერზე მიდიან და ძალიან ბინძურ, ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ. თუმცა ჩვენ მზად ვართ, მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.

რაც შეეხება ჩვენს მხარდაჭერას, ვინაიდან შოთაძის სახელი უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არაერთი გახმაურებული საქმის გახსნას, 50 მილიონზე მეტი ქონების დაბრუნებას დაზარალებულებისთვის, პროკურატურის სისტემაში ახალი მნიშვნელოვანი რეფორმების დანერგვას და გატარებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და შესაძლებლობა გვექნება, დღევანდელი დღე გამოვიყენოთ კითხვების დასასმელად და მივიღოთ პასუხები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, დეპუტატის თქმით, თვალნათელია, რომ ირაკლი შოთაძისთვის მთავარი არ არის რამე პოზიცია, არამედ მთავარია, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება.

ოხანაშვილის შეფასებით, ირაკლი შოთაძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

პარლამენტს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარუდგინა. საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

დატოვე კომენტარი