ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში დაიწყოს დესტაბილიზაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქტიურობა შემაშფოთებელია სისტემატური მოწოდებების ფონზე ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.

დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში მოხდეს კატაკლიზმები და დაიწყოს დესტაბილიზაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქტიურობა არის შემაშფოთებელი იმ სისტემატური მოწოდებების ფონზე, რომელსაც ჩვენ ყველა ვისმენდით ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს, ქვეყანაში მოხდეს კატაკლიზმები, დაიწყოს დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს ყველამ ვნახეთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენების დროს. ფაქტობრივად, ეს დადასტურდა, მათი სისტემატური მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლასთან დაკავშირებით შემდგომში რეალიზებული იყო კონკრეტული ფაქტებით, რაც ყველამ ვიხილეთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, დესტაბილიზაციის შექმნა ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებშია.

„ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა არის სწორედ ჩვენი არაკეთილმოსურნე, მეზობელი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებში, ვინაიდან სხვა არაფერია, თუ არა ინტერესი, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, რათა ამით ოკუპანტმა სახელმწიფომ ისარგებლოს და კიდევ განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები. სწორედ მმართველი პარტიაა მოწოდებული იმისკენ, რომ მაქსიმალურად განეიტრალდეს საფრთხე და უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში უსაფრთხოება და წესრიგი, არ მიეცეს არც ერთ პოლიტიკოსს საშუალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდა შექმნან“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა. დადგენილების პროექტი ხუთ პუნქტიანია.