ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც მალავენ, რომ მათთვის მისაღები არ არის, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან შემდეგ საფუძველს დაკარგავენ, ვიღაცას ეძახონ „პრორუსი“
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არც მალავენ, რომ მათთვის მისაღები არ არის, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან შემდეგ საფუძველს დაკარგავენ, ვიღაცას ეძახონ „პრორუსი“

როგორ შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს? პრაქტიკულად, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლიკვიდაცია იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არაფერს აკეთებენ, მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმში არიან.

„არც მალავენ და ქმედებებითაც ადასტურებენ, რომ მათთვის მისაღები არ არის, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან შემდეგ საფუძველს დაკარგავენ, ვიღაცას ეძახონ „პრორუსი“, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა სტატუსი მოპოვებული. მათი დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია – ნახეთ, ჩვენს ქვეყანას არ მისცეს სტატუსი და ეს „ქართული ოცნების“ ბრალიაო. მათი ერთადერთი მიზანია, ხელისუფლებაში დაბრუნება ყველაფრის ფასად, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატის ფასად ევროპაში ჩავიდნენ და სახელმწიფოზე თქვან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ამ ეტაპზე არ ღირსო და ეს პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ. რეკომენდაციების შესრულებისკენ ასეთი ხალხი როცა მოგიწოდებს, ეს არის ფარსი. ეს საქმეებით დასტურდება, ისინი არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩართულან და მხარი არ დაუჭერიათ მთელი საკითხებისთვის. ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ, მხოლოდ საბოტაჟის რეჟიმში არიან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.