ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა

ვანო მერაბიშვილი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლასა და მის განცხადებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა.

„ვანო მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერების ჯგუფს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სატელიტ პარტიებთან ერთად წარმოადგენს. ამას პასუხს ის დაზარალებულები და სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ, ვინც ამ ადამიანმა გააუბედურა და უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ დასრულდება საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.