ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს, სასამართლო სისტემაზე, მით უმეტეს, „ვეტინგზე“ ისაუბროს, სტრასბურგმა მათ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა
„ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს, სასამართლო სისტემაზე, მით უმეტეს, „ვეტინგზე“ ისაუბროს, სტრასბურგის სასამართლომ მათ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მიზანია, სასამართლო სისტემა პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარონ.
„სააშკარაოზე გამოდის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები, რადგან „ვეტინგის“ თემის გახმოვანება კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაიწყო. ამ საკითხის გახმოვანება სწორედ რადიკალურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაიწყეს. საკითხის გაშლაში უშუალოდ ჩართულია რადიკალური ე.წ. ენჯეოსექტორი. როცა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს არათუ იმეორებ, არამედ მაქსიმალურად აღრმავებ, სხვა სახელი ამას არ აქვს, ეს ჯგუფები რადიკალურ ენჯეოსექტორს წარმოადგენენ. ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ. მათი ამოცანაა, სასამართლო სისტემა პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარონ, მოსამართლეები ისე დააბულინგონ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედება ვერ შეძლონ. მაშინ, როცა სასამართლო სისტემა წნეხისა და მუდმივი ზეწოლის ქვეშ იქნება, რა თქმა უნდა, რისკია, რომ სასამართლო დაემორჩილება არა კანონს, ორიენტირებული იქნება არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ, შესაძლოა, პოლიტიკური წნეხის გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამიტომ მათი ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ მოქცევაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი პოლიტიკური და მორალური უფლება არ აქვს, სასამართლო სისტემაზე, მით უმეტეს, „ვეტინგზე“ ისაუბროს. სტრასბურგის სასამართლოს პირდაპირ დადგენილი აქვს, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მკვლელობას, წამებას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს და მედიის ხელში ჩაგდებას. სტრასბურგის სასამართლომ მათ ხელისუფლებას განაჩენი გამოუტანა, თუმცა ახლა ეს ადამიანები სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე საუბარს აგრძელებენ. ამ ხალხს არავითარი პოლიტიკური კეთილსინდისიერება არ აქვს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.