ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, შეთანხმებაში გაწერილი თითოეული პუნქტი შევასრულოთ, მათ შორის ოპოზიციისთვის კომიტეტების გადაცემა
ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, შეთანხმებაში გაწერილი თითოეული პუნქტი შევასრულოთ, მათ შორის ოპოზიციისთვის კომიტეტების გადაცემა

მზად ვართ, შეთანხმებაში გაწერილი თითოეული პუნქტი შევასრულოთ, მათ შორის ოპოზიციისთვის კომიტეტების გადაცემა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, შეთანხმების თანახმად, ხუთიდან ორი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა იყოს.

„მზად ვართ, შეთანხმებაში გაწერილი თითოეული პუნქტი შევასრულოთ, მათ შორის შევასრულებთ კომიტეტების ოპოზიციისთვის გადაცემას. საკითხზე მსჯელობა ერთ კვირაში დაიწყება, საშემოდგომო სესიის დასაწყისისთვის უკვე შეჯერებული უნდა ვიყოთ, ვინ რომელ კომიტეტს ჩაიბარებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საპასუხისმგებლო საქმიანობა. ჩვენ თანამდებობას არ განვიხილავთ, როგორც ჩაბღაუჭებას გარკვეულ პრივილეგირებულ სკამზე. ჩვენთვის კონკრეტული თანამდებობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში დათმობს თუ არა ის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ოხანაშვილმა უპასუხა, რომ მისთვის უპირატესია ქვეყნის ინტერესები და გადაწყვეტილებასაც აქედან გამომდინარე მიიღებს.

„იმ ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ, რაც არის ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღისთვის აუცილებელი. ჩვენ გვექნება კონსულტაციები. ხუთიდან ორი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა იყოს, ერთად უნდა შეჯერდეს პოზიციები. დათმობაზე არაა საუბარი, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, შრომა და პატივია ამ კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო თუ იქნება და შეთანხმება მოხდება, რომ კომიტეტს სხვა პირმა უხელმძღვანელოს, თუნდაც ოპოზიციონერმა, ჩემთვის უპირატესია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.