ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, მელიას ეპატიოს სავარაუდო დანაშაული, არჩევანი მასზეა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, უარი თქვას ამნისტიაზე
ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, მელიას ეპატიოს სავარაუდო დანაშაული, არჩევანი მასზეა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, უარი თქვას ამნისტიაზე

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვიდა მოლაპარაკებების ჩაშლა და ახლა ცდილობენ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტის აღსრულების შეფერხებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება“ შეთანხმების ყველა პუნქტს დაიცავს.

„ეს კიდევ ერთხელ უთითებს მათ პრორუსულ ინტერესზე, თუკი ვინმეს ამ ქვეყანაში არ სურს დიალოგი, თუკი ვინმეს ამ ქვეყანაში სურს არეულობა და დესტაბილიზაცია, ეს არის ოკუპანტი ქვეყანა. ყველა, ვინც დიალოგის წინააღმდეგაა და ემხრობა რადიკალიზაციას, პირდაპირ ასრულებს რუსულ წესებს. შესაბამისად, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც მმართველმა პარტიამ, გამოვიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასევე, სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მათი პოლიტიკური კულტურის შესაბამისად, მივაღწიეთ შეთანხმებას. ამ შეთანხმების ყველა პუნქტს „ქართული ოცნება“ დაიცავს. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც პროკურატურამ ბრალის სახით წარუდგინა.

რაც შეეხება იმას, სურს თუ არა ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი და შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს. თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე მის სასარგებლოდ გადახდილ იქნას გირაო. არ გამოვრიცხავ, მან იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება „ქართული ოცნების“ წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე. თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას. შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს, რაც ნიშნავს, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად ეხება. ჩვენ მზად ვართ, ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, არჩევანი მასზეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის ფიქციური თავმჯდომარე მათი პარტიის, რეალური თავმჯდომარე არის მათი ბელადი. ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მძევალი მის ხელში და აქედან გამომდინარე, ამ რთულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ამ ადამიანს, სწორი იქნება, ეპატიოს ქმედება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი