ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ დიალოგისთვის, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება ჩვენი პარტნიორების წინაშე
ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ დიალოგისთვის, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება ჩვენი პარტნიორების წინაშე

გვაქვს ინტერესი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებმაც მიიღეს მანდატი, გადადონ მათი ვიწროპარტიული ინტერესი, სახელმწიფოებრივი ინტერესით იხელმძღვანელონ და პატივი სცენ მათ ამომრჩეველს, ამიტომ, თუ ეს იქნება „გირჩი“, მხოლოდ მისასალმებელი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ელოდება თუ არა, პარტია „გირჩის“ პარლამენტში შესვლას.

„თუმცა რაიმე კონკრეტული არ მაქვს ისეთი, რაზე დაყრდნობითაც გეტყოდით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. დაველოდოთ მოლაპარაკებებს, თუ რაიმე რესურსი იქნება ეს გამოჩნდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის დიალოგისთვის, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება პარტნიორების წინაშე.

„არ ვსაუბრობთ, ვინმემ რამე უნდა დათმოს და ამით ვინმემ რამე უნდა მოიგოს, ჩვენ ასე არ ვუყურებთ ამ პროცესს, ჩვენ ვუყურებთ პროცესს ისე, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვთანხმდებით არჩევნები შედგა, არჩევნები იყო ლეგიტიმური და ის აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მიერ. ვთანხმდებით, რომ კითხვის ნიშნები არჩევნებთან მიმართებაში არ არსებობს და ვერც დაისმება, მიუხედავად ამისა, მზად ვართ დიალოგისთვის, ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ ეს არის კიდევ ერთი პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება ჩვენი პარტნიორების წინაშე, რომ ჩვენ შევძლოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა. ვნახოთ, ასე არ ვუყურებთ, ჩვენ უნდა დავთმოთ რამე და სხვამ უნდა რაიმე მოიგოს, ან პირიქით, ეს აზიანებს მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ვადამდელ არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხის წინ წამოწევას, ოხანაშვილის თქმით, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჯერ გასარკვევია, არის თუ არა ეს ორი საკითხი ოპოზიციისთვის მთავარი.

„დაველოდოთ, არის თუ არა ეს საკითხები ოპოზიციისთვის მთავარი და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.