ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს თქვენი მკაფიო პასუხი, რისთვის ჩამოვიდა მსჯავრდებული სააკაშვილი
ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა - საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს თქვენი მკაფიო პასუხი, რისთვის ჩამოვიდა მსჯავრდებული სააკაშვილი

მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, პროცესზე მივიდეს ან ონლაინფორმატში მიიღოს მონაწილეობა. სიცრუეა, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირის სასამართლოში გადაყვანამდე გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ჯანმრთელობის საკითხი და ამავე პირის უსაფრთხოება.

„მესმის, რომ ოპოზიციონერ კოლეგებს აქვთ მესიჯბოქსი, გავიდეს სოციალურ სივრცეში, რომ მიხეილ სააკაშვილს უფლება ეზღუდება, ეს არის ტყუილი. მოგიწოდებთ, დაასახელეთ ნორმა, რომელიც ირღვევა, თითქოს სააკაშვილს არ მიეცა პროცესში მონაწილეობის უფლება. თან სპეკულირებთ სიტყვებით, თვალებში ჩახედვის უფლება არ აქვსო. თქვენი განცხადებები, რომ მსჯავდებულ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს, არის მტკნარი სიცრუე. შესაბამისად, სწორია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომელზეც ასევე სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნამსჯელი, რომ მსჯავრდებულს აქვს შესაძლებლობა, პროცესზე მივიდეს ან ონლაინფორმატში მიიღოს მონაწილეობა. ჩემი ინფორმაციით, მას შეეთავაზა მონაწილეობის უფლება, რაზეც უარი ბრძანა.

როდესაც ხდება გადაყვანა სასამართლოში, არ ვიცი, ვის რისი უნდა შეეშინდეს. ამ დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე საკითხი, ესაა საზოგადოებრივი უსაფრთხოება, კონკრეტული პირის ჯანმრთელობის საკითხი და ამავე პირის უსაფრთხოება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა რომ სახელმწიფოს აქვს და კონკრეტულ უწყებას, ამაზე არავინ ვდავობთ, იქნება კიდეც დაცული. ახლა გეკითხებით, თქვენ რა გირჩევნიათ, მოხდეს დარღვევა და დარღვევის შემდგომ წესრიგის აღდგენა თუ პრევენცია? ვინმემ არ გაბედოს და სისხლი არ დაღვაროს, მართლა სააკაშვილი რისთვის შემოვიდა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს თქვენი პირდაპირი, მკაფიო პასუხი, რისთვის ჩამოვიდა საქართველოში მსჯავრდებული სააკაშვილი. გაეცით პასუხი, ამართლებთ თუ არა მის ამ ნაბიჯს. ადამიანმა მოითხოვა დამიხსენით აქედანო, ანუ ძალადობრივად გამომიყვანეთო და 10 დღეში დავასრულებ ამათო, ანუ დავამხობ ხელისუფლებასო. ობიექტურები თუ გინდათ რომ იყოთ, ან ნორმა დაასახელეთ რა ირღვევა, ან სტრასბურგის გადაწყვეტილება მოიყვანეთ, სადაც არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ასეთი მონაწილეობა. ჩვენ მოვდივართ, ხალხის მანდატს ვიყენებთ და ვასრულებთ მოვალეობას, თქვენც მოდიხართ და ამას აკეთებთ. ჩვენ რომ მოგვიწოდებთ, მოუწოდეთ იმ ადამიანს, რომ ამბობს დამიხსენით და დავამხობ ხელისუფლებას 10 დღეშიო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.