ანრი ოხანაშვილი - მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, თუმცა არ გვაქვს უფლება, წავიდეთ ჩვენი ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოდ
ანრი ოხანაშვილი - მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, თუმცა არ გვაქვს უფლება, წავიდეთ ჩვენი ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოდ

ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მოლაპარაკების პროცესში საზოგადოების ინტერესების და მათი არჩევანის წინააღმდეგ არ წავა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ, დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა რა იქნება შემხვედრი პოზიციები, რა იქნება კომპრომისის საგანი და სად გადის ზღვარი ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვასა და მის უგულვებელყოფას შორის, ჩვენთვის ეს იქნება გადამწყვეტი. არც ერთ შემთხვევაში არ ვიმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ. არ გვაქვს უფლება, წავიდეთ ჩვენი ხალხის არჩევანის საწინააღმდეგოდ.

მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის წინ, წინმსწრებად არ ვაყენებთ რაიმე საკითხს, რათა ეს არ იქნეს აღქმული ულტიმატუმად, ვინაიდან ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკების წარმოებას. მთავარი და გადამწყვეტი აქ იქნება ის, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ, ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი იქნება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.