ანრი ოხანაშვილი - მმართველი გუნდის მიზანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს
ანრი ოხანაშვილი - მმართველი გუნდის მიზანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს

მმართველი გუნდის მიზანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და პროფესიული თვალსაზრისით ყველა იმ ადამიანის ჩართულობა უზრუნველვყოთ, ვინც ამ საკითხით დაინტერესებულია – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, საია-სა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

დეპუტატის თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია შედგა.

„მათგან პოზიციების მოსმენა საინტერესო იყო. მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა იმ სუბიექტთან გვქონდეს, ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს, იქნებიან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები. მნიშვნელოვანია, რომ უზენაეს სასამართლოში ღირსეული კანდიდატების შერჩევა მოხდეს. საერთო ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და უზრუნველყოფილი იყოს ჩართულობა. არის საკითხები, რომელსაც შეჯერება სჭირდება და კიდევ ერთი შეხვედრა მოგვიწევს, სადაც უკვე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა ფორმით წარმოგვიდგენია კომიტეტში ამ პროცესის წარმართვა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

უზენაეს სასამართლოში 20 მოსამართლეა ასარჩევი, ამ დროისთვის, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს.

რეგლამენტის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელიც კანდიდატთა საქმიანობის თაობაზე ინფორმაციას მოიძიებს და მათთან გასაუბრების პროცესს დაიწყებს.

მოგვიანებით, კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე ეყრებათ. კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.