ანრი ოხანაშვილი - მხოლოდ კახაბერ სირაძის ჩვენების საფუძველზე რეკომენდაციების გაცემა მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ამ საკითხის განხილვა ორშაბათისთვის გადაიდო
ანრი ოხანაშვილი - მხოლოდ კახაბერ სირაძის ჩვენების საფუძველზე რეკომენდაციების გაცემა მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ ამ საკითხის განხილვა ორშაბათისთვის გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა საკითხებში არასპეციალიზებული გამომძიებლის, კახაბერ სირაძის ჩვენების საფუძველზე, რაიმე ტიპის რეკომენდაციის გაცემა მიზანშეწონილი არ არის, ამიტომ რეკომენდაციების საკითხის განხილვა ორშაბათისთვის გადაიდო.

ამის შესახებ ოხანაშვილმა ჟურნალისტებს კომისიის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, როდესაც გამოკითხული არ არის გამომძიებელი, რომელიც ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა, ასევე – პირები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ, ამ ეტაპზე, რეკომენდაციების გაცემაზე საუბარი ნაადრევია.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ვიდრე საქმის ყველა ფიგურანტი არ დაიკითხება, დასკვნების გაკეთება ნაჩქარევია.

„ევროპული საქართველოს“ რამდენიმე წარმომადგენელი აფიქსირებდა პოზიციას, რომ მხოლოდ არასრულწლოვანთა საკითხებში არასპეციალიზებული გამომძიებლის, კახაბერ სირაძის ჩვენების საფუძველზე, საკმარისია რეკომენდაციის გაცემა. ჩვენ მსჯელობის შედეგად გამოვკვეთეთ ეს საკითხი და მკაფიოდ დავაყენეთ პოზიცია, რომ მხოლოდ ამ ჩვენების საფუძველზე, როდესაც არ არის გამოკითხული უშუალოდ გამომძიებელი, ვინც აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს, არ არიან გამოკითხული ის პირები, რომლებიც ამ საგამოძიებო მოქმედებებს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ, რაიმე სახის რეკომენდაციის გაცემა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი გადავდეთ ორშაბათის მსჯელობისთვის.

ორშაბათს ჩვენ მივუბრუნდებით ამ საკითხზე მსჯელობას. გამოსაკითხად დავიბარეთ როგორც უშუალოდ ის გამომძიებელი, რომელიც სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა საკითხების გამოძიებაში, ვინც აწარმოებდა ხორავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებებს, ასევე უშუალოდ ის ხელმძღვანელები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. ამიტომ ვფიქრობ, ორშაბათს ჩვენ მივიღებთ საინტერესო ინფორმაციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სახალხო დამცველის მოადგილესა და არასამთავრობო ორგანიზაცების წარმომადგენლებს შეხვდა და რეკომენდაციები გააცნო.