ანრი ოხანაშვილი - მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოკითხვისას დავსვამთ ყველა შეკითხვას, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია
ანრი ოხანაშვილი - მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოკითხვისას დავსვამთ ყველა შეკითხვას, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას გამოკითხვის დროს დასვამენ ყველა შეკითხვას, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.

ოხანაშვილის თქმით, ისინი ეცდებიან მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, თუკი ეს საგამოძიები კომისიის მუშაობას გამოადგება.

„ჩვენთვის მთავარია, მივიღოთ ის ინფორმაცია, რასაც ფლობენ ეს პირები, ხომ არ სურთ საგამოძიებო კომისიას მიაწოდონ რაიმე ისეთი ინფორმაცია რაც მათთვის ახლა გახდა ცნობილი.

ჩვენ ვეცდებით, მივიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუკი ეს ინფორმაცია წაადგება საგამოძიები კომისიის მუშაობას.

ჩვენ დავსვამთ ყველა შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში გაჟღერდა და რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. დაწყებული იქიდან, თუ რა განახორციელა თენგიზ კალანდიამ და ჰქონდა თუ არა მას რაიმე საუბარი მირზა სუბელიანთან. რაც შეეხება სუბელიანს, ვკითხავთ, ხომ არ გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.