ანრი ოხანაშვილი - მიმდინარეობდა მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია კეზერაშვილთან დაკავშირებით, თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით მისი უფლებები შეილახა, ამას სტრასბურგმა წერტილი დაუსვა
მიმდინარეობდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია კეზერაშვილთან დაკავშირებით, თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით მისი უფლებები შეილახა. ამ კამპანიას სტრასბურგმა წერტილი დაუსვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება დაელოდება, როგორი რეაგირება ექნებათ კეზერაშვილზე ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც კეზერაშვილს რეზოლუციებს უძღვნიან.
„თქვენ გახსოვთ და მოგეხსენებათ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია კეზერაშვილთან დაკავშირებით, ხდებოდა კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით სპეკულაცია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, თითქოს ამ პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით ამ პირის უფლებები შეილახა და ეს იყო მიზანმიმართული კამპანია. ამ კამპანიას დაუსვა წერტილი სტრასბურგის სასამართლომ მას შემდგომ, რაც თავის დროზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი. მოხდა მხილება, მათ შორის, იმ პირების, რომლებიც კეზერაშვილის ტელევიზიის მეშვეობით აწარმოებდნენ ამ კამპანიას. ამიტომ ჩვენ დაველოდებით ასევე ამ პარტიული ტელევიზიის შეფასებებს, რას იტყვიან სტრასბურგის სასამართლოს ამ მხილებაზე. ველოდებით ამ შეფასებებს, ასევე ველოდებით იმ ევროპელი ცალკეული პოლიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც კეზერაშვილს რეზოლუციებს უძღვნიან.
დაველოდებით, მიუძღვნან რეზოლუცია, როგორ ცნო და ამხილა სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში. ასევე, აქ მთავარი არის ის, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე. საუბარი იყო თითქოსდა წვრთნებზე და მაშინ, როდესაც თავდაცვის ძალები ბრძოლისუნარიანი უნდა იყვნენ და აღჭურვილი უნდა ყოფილიყვნენ შესაბამისი უნარებით, ამ დროს ფიქციური ხელშეკრულებით გაფორმდა ოფშორში ხელშეკრულება, რითიც დიდი ზიანი მიადგა ქართულ ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, ეს არის კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება საქართველოს და ქართული ჯარის სახელით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.