ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმებით საუბარი ვისთანაც გასვლია, იმას ესაუბროს
ანრი ოხანაშვილი - მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმებით საუბარი ვისთანაც გასვლია, იმას ესაუბროს

ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე თავისივე ნებით თქვა უარი, შესაბამისად, მას სამართლებრივად არანაირი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება არ გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია რადიკალიზაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„მიხეილ სააკაშვილმა გაბედა და ახალი დანაშაული ჩაიდინა, საზღვრის უკანონო კვეთა არის დანაშაული და კიდევ თავს უფლებას აძლევს, ულტიმატუმებით ესაუბრება ვინმეს. ის საერთოდ არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობაზე თავისივე ნებით თქვა უარი, შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების უფლება სამართლებრივად არ გააჩნია, ამიტომ ულტიმატუმებით საუბარი ვისთანაც გასვლია, მხოლოდ იმას ესაუბროს. მათ შეუძლიათ, შექმნან ნებისმიერი ჯგუფები, ასეთი საინიციატივო ჯგუფები და ა.შ. ეს არის საბჭოთა მეთოდი, რა სტილითაც ისინი მოქმედებენ. ზოგადად, მათი იდეოლოგია არის საბჭოური და რუსული. ის ბელადომანია, რაც ამ ჯგუფებს სჭირთ და ეს დამოკიდებულება კულტისადმი და ბელადისადმი, ეს არის საბჭოთა რუსული მოდელი. ის, რაც არის სრულიად მიუღებელი. რაც არ უნდა შექმნან, მათ ამის სრული უფლება აქვთ შეიკრიბონ და პოზიცია გამოხატონ, თუმცა დღეს საქართველოში კანონი კანონობს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის შესაბამისად აბსოლუტურად ყველას, მათ შორის სააკაშვილსაც მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.