ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს
ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილმა განმარტა, თუ რატომ არ უნდა იყოს პირველი მოადგილე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი პირი.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს შესაძლოა, სამი მოადგილე ჰყავდეს, რომელთაგან ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება, მეორე – მმართველი გუნდის, ხოლო პირველი მოადგილე უნდა აირჩეს პროფესიული ნიშნით, რათა საბოტაჟის საფრთხე გამოირიცხოს.

„არანაირ სამართლიან სტანდარტში არ ჯდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავტომატურად ხდებოდეს პარტიული სიით წარდგენილი პირი. ცესკო-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე არ უნდა იყოს ისეთი პირი, ვინც ორიენტირებული იქნება პარტიული ინტერესების გატარებაზე. პირველი მოადგილე უნდა იყოს პროფესიული ნიშნით არჩეული პირი, რომელიც უნდა ასრულებდეს მოვალეობას, რათა ოპოზიციის ხელში არ შეიქმნას ხელოვნურად ისეთი შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში მოგვიყვანს იქამდე, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე გახდება კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარდგენილი პირი.

კერძოდ, თუ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხდება, მაშინ ეს პირი მუდმივად ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, რაც არ არის სამართლიანი. პროფესიული ნიშნით არჩეული პირი უნდა იყოს, რადგან ის იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური. შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტი იქნება დაცული, ოპოზიციას წარმომადგენელი ეყოლება. საუბარია ისეთი მექანიზმის მომზადებაზე, რომელიც გამორიცხავს საბოტაჟის განხორციელებას, თუ ეს მოხდება. ამ შემთხვევაში ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომ ეს გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხშირად პარტიის მიერ წარდგენილი პირი იყოს. კონკრეტულ „ჩამკეტ“ მექანიზმებზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.