ანრი ოხანაშვილი - მიდგომა ამნისტიის აქტში უნდა იყოს სამართლიანი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია
ანრი ოხანაშვილი - მიდგომა ამნისტიის აქტში უნდა იყოს სამართლიანი, კანონის წინაშე ყველა თანასწორია

შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამნისტიის აქტი, ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ იყო დამოკიდებული, რომელიმე კონკრეტული ნიკანორ მელიას ნებაზე არ არის დამოკიდებული მისი იმპლემენტაცია, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, მივიღებთ ამნისტიის აქტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ევროკავშირის ეგიდით წარმართულ მოლაპარაკებებს და შეთანხმებას, იცით, რომ ეს შეთანხმება ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებას. ეს შეთანხმება ითვალისწინებს დეპოლარიზაციას და ამ შეთანხმების სულისკვეთებაა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ თანამშრომლობა. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ შეთანხმების არის ამნისტიის აქტი, რომლითაც პარტიები კისრულობენ პასუხისმგებლობას და იღებენ ვალდებულებას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციას, ადამიანის ბედით მანიპულირებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ იყო დამოკიდებული, რომელიმე კონკრეტული ნიკანორ მელიას ნებაზე არ არის დამოკიდებული მისი იმპლემენტაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ მხარეებმა იკისრეს რა პასუხისმგებლობა და ავიღეთ ვალდებულება, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, მივიღებთ ამნისტიის აქტს და ამით ჩვენ შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ავიღეთ შარლ მიშელის ეგიდით წარმართულ მოლაპარაკებებში.

ყველა ვთანხმდებით, რომ იმ რთულ და მძიმე დღესთან დაკავშირებით, რომელიც იყო 20 ივნისს, პოლიტიკურ კონსენსუსამდე მივიდეთ, რომ ადამიანის ბედით არც ერთი, არც მეორე მხარე მანიპულაციას არ მოახდენს და ეცდება ყველანაირად დეპოლარიზაციას. ეს არის პოლიტიკური აქტი შეთანხმების სხვა საფეხურზე გადასვლის. თუ ჩვენ ეს გვსურს, ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, რაც შეიძლება ნაკლები რადიკალიზაცია და რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ ყველამ, ვინც ხელი მოაწერა. ჩვენი ვალდებულება არის ახლა, რომ დავიცვათ ეს შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამნისტიის აქტის გამოცემა ვინმეს ნება-სურვილზე კი არ არის დამოკიდებული, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაა და ჩვენ ეს ყველამ კეთილსინდისიერად უნდა შევასრულოთ. „ქართული ოცნება“ ამ პირობას დაიცავს, ამნისტიის აქტი, რა თქმა უნდა, დაინიცირდება და იქნება გამოცემული“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მიდგომა ამნისტიის აქტში უნდა იყოს სამართლიანი.

„ყველა პირი არის თანაბარი და თანასწორი კანონის წინაშე. თუ ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა ეპატიოს ვინმეს შესაძლო დანაშაული, ეს ნიშნავს პატიებაზე მაღლა არ უნდა დადგეს რაიმე კონკრეტული პრივილეგია თანამდებობრივი პოლიტიკოსის, თუ სხვა სახით. ან ვპატიობთ ამ სავარაუდო დანაშაულს ნიკანორ მელიას და სხვა პირებს, თუ ეს ვინმეს დაუმტკიცდებათ, ან არ ვპატიობთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გადავდივართ ახალი თანამშრომლობის საფეხურზე. ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის სჯობს, რომ ეს დღე ფურცლის სახით გადაიშალოს და თანამშრომლობა დავიწყოთ ახალი სახით“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. მელია მათ მოუწოდებს, „არ მიიღონ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“.

ამასთან, ნიკა მელია სთხოვს ოპოზიციას და მიმართავს დოკუმენტზე ხელმომწერ „ქართულ ოცნებასაც“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, იღებს სრულ პასუხისმგებლობას, დათანმხდეს ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.