ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე ჩემთვის არის ერთი სამართლებრივი საკითხი
ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე ჩემთვის არის ერთი სამართლებრივი საკითხი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე ჩემთვის არის ერთი სამართლებრივი საკითხი, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, პროკურატურამ დღეს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე შეკრებილი ინფორმაციის ერთობლიობით, რომლითაც მას მიეცა შესაძლებლობა, კონკრეტული პირებისთვის ბრალი წარედგინა.

„ეს ჩემთვის არის ერთი სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ, პოლიტიკურ ჭრილში გადასვლა მიუღებელია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველა ვალდებულია, კანონის წინაშე თანაბრად აგოს პასუხი.

ვფიქრობ, წერტილი დაესვა იმას, რომ ეს საქმე არ უკავშირდება არანაირად ანაკლიის პორტს და არაერთხელ გაცხადდა, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს. ამის მარტივი დადასტურებაა, რომ ფოთის პორტთან მიმართებით არვის აქვს რაიმე სადაო. არსებობს ერთი კონკრეტული სადაო თემა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, იგივე ფულის გათეთრება, რასთან მიმართებითაც პროკურატურამ გადაწყვიტა, სამართლებრივი სტანდარტით ბრალი წაუყენოს კონკრეტულ პირებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.