ანრი ოხანაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - კონკრეტული უწყების პრეროგატივაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და როგორ წარმართავს პროცესს
ანრი ოხანაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - კონკრეტული უწყების პრეროგატივაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და როგორ წარმართავს პროცესს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ბრიფინგზე მოვისმინეთ, რომ იგეგმებოდა სავარაუდოდ უმძიმესი დანაშაულის ჩადენა და სუს-მა მოახდინა აღნიშნულის პრევენცია, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი მოქმედებების წარმართვა კი, უწყების კომპეტენციაა.

„რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, ეს არის კონკრეტული უწყების პრეროგატივა, დაველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს. ჩემი ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უწყების პრეროგატივაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორ და რანაირად წარმართავს შემდეგ ამ პროცესს“, – განაცხადა დეპუტატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 7 მაისს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.