ანრი ოხანაშვილი - „ლელოს“ განცხადება შესაბამისი ოპოზიციური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა, თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს
ანრი ოხანაშვილი - „ლელოს“ განცხადება შესაბამისი ოპოზიციური ჯგუფებისთვის რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად ნიადაგის შემზადებაა, თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირები არსებობს

როგორც ჩანს, ეს განცხადება გაკეთდა გამიზნულად, რათა შეამზადოს ნიადაგი შესაბამისი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ინიციატივას, რომ „საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას“.

„ეს განცხადებები იმიტომ არის ჩემთვის არასარწმუნო და არადამაჯერებელი, რომ როგორც ჩანს, გაკეთდა გამიზნულად, რათა შეამზადოს ნიადაგი შესაბამისი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად. რა დღის წესრიგი აქვს დღეს პოლიტიკურ ოპოზიციას – ისინი სამუშაო ჯგუფებში არ ერთვებიან, აკეთებენ მიზანმიმართულ, დეზინფორმაციულ განცხადებებს და პრაქტიკულად მათ დღის წესრიგი არ გააჩნიათ. ეს არის გასაგები და ნაცადი ხერხი, რომელსაც მიმართავენ ხოლმე, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს მათი რადიკალური დღის წესრიგის განსამტკიცებლად და შესაქმნელად გარკვეული ნიადაგი უნდა შეუმზადდეთ. ნიადაგის შემზადებაა ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, თითქოს რაღაც შავ-ბნელი კავშირებია. ჯერ უნდა მოვისმინოთ, რას ეფუძნება და რას ასაბუთებენ. ეს არ არის ბუნებრივი პროცესი და ეს არ არის მართლაც რაიმე მტკიცებულებაზე დაფუძნებული. რა თქმა უნდა, გართულდება, ასეთ თითიდან გამოწოვილ საკითხზე მსჯელობები გამართო, პოლიტიკურ პროცესში შეხვიდე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა უნდა მოვისმინოთ, რას დაწერენ და რას შემოგვთავაზებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც მათივე განმარტებით, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირებს შეისწავლის. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა ისაუბრა. სამადაშვილის თქმით, „ლელოს“ ინიციატივაა, დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად.