ანრი ოხანაშვილი - კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის აქსიომა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილზე არ გავრცელდება, ასეთივე აქსიომაა, რომ კეზერაშვილი ამ კრიტერიუმებით არის ოლიგარქი
ანრი ოხანაშვილი - კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის აქსიომა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილზე არ გავრცელდება, ასეთივე აქსიომაა, რომ კეზერაშვილი ამ კრიტერიუმებით არის ოლიგარქი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით უკრაინული მოდელი აიღეს, რადგან ევროპულმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მიერ ამ ფორმით საკითხის დარეგულირება კარგია.

ოხანაშვილის განმარტებით, კანონი პრინციპების დონეზე უკრაინული მოდელის მსგავსია.

„უკრაინული მოდელი ავიღეთ იქედან გამომდინარე, რომ უკრაინასთან მიმართებაში ევროპულმა სტრუქტურებმა განაცხადეს შესაბამის დოკუმენტშიც და ვერბალურადაც, რომ უკრაინის მიერ კანონის გზით, ამ ფორმით საკითხის დარეგულირება არის კარგი.

ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, პრინციპების დონეზე იგივეა, ეს არის უკრაინული მოდელი და არა „ქართული ოცნების“ ვერსია. ერთადერთი, რაც ჩვენ გავაუმჯობესეთ, ეს არის პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, საბოლოო მიზანი არის, ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ამოცანები, ამ შემთხვევაში დეოლიგარქიასთან დაკავშირებული საკითხები პირნათლად შეასრულოს.

„12-პუნქტიან გეგმაში სად წერია სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი, ეგ წაგვიკითხეთ“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეკითხვაზე, „უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობთ სამართლებრივი აქსიომის რანგშიც, რომ ეს კანონი ივანიშვილზე არ გავრცელდება, სამართლებრივი აქსიომაა? რა იცით, იქნებ ფლობს რაღაც წილს ან ხვალ გაუჩნდეს პოლიტიკური ინტერესი“, – ოხანაშვილის თქმით, „აქსიომაა კრიტერიუმებზე დაყრდნობით“.

„ჩვენი შეფასება ხომ არ არის ეს და ასეთივე აქსიომაა, რომ კეზერაშვილი ამ კრიტერიუმებით არის ოლიგარქი“, – დასძინა ანრი ოხანაშვილმა.