ანრი ოხანაშვილი - კრიმინალური წარსულის მქონე სააკაშვილის მოლაპარაკებათა მაგიდასთან შემოყვანის მცდელობა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პირდაპირი შეურაცხყოფაა
ანრი ოხანაშვილი - კრიმინალური წარსულის მქონე სააკაშვილის მოლაპარაკებათა მაგიდასთან შემოყვანის მცდელობა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პირდაპირი შეურაცხყოფაა

ერთ მხარეს არის მსჯავრდებული სააკაშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანიზებაში ამხილა, მეორე მხარეს კი, ადამიანი, რომელმაც დატოვა პოლიტიკური ასპარეზი და რომლის სახელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლების მინიჭებას. ამ ორი ადამიანის გათანაბრება საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რადგან „არიან არაფორმალური მმართველები და გადაწყვეტილებების მიმღებლები“.

„ერთ მხარეს არის მსჯავრდებული სააკაშვილი, რომელიც ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანიზებაში და რომელიც ვითომ ფორმალურად პარტიის თავმჯდომარეა, თუმცა რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე. ფარსი იყო ის სპექტაკლი, რომ თითქოს ნიკანორ მელია აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. ამ ადამიანზე ვსაუბრობთ და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელიც გავიდა პოლიტიკიდან, არ არის ჩართული პოლიტიკურ სივრცეში, დატოვა პოლიტიკური ასპარეზი და რომლის სახელიც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენასა და ჩვენი საზოგადოებისთვის თავისუფლების მინიჭებას კიდევ ერთხელ 2012 წლის შემდგომ. ამიტომ, ამ ორი ადამიანის გათანაბრება საერთოდ წარმოუდგენელი რამ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, კრიმინალური წარსულის მქონე სააკაშვილის მოლაპარაკებათა მაგიდასთან შემოყვანის მცდელობა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პირდაპირი შეურაცხყოფაა.

„სხვათა შორის გამოხმაურებები და იმ საკითხის წამოწევა, რომ სააკაშვილი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში ეს პოზიციები მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან თუ გარედან გაკეთებული განცხადებები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ადასტურებენ კიდევ ერთხელ ჩვენს პოზიციას, რომ რეალური პარტიის თავმჯდომარე არის მსჯავრდებული სააკაშვილი და არა ნიკანორ მელია. საკითხის ასე წამოწევა, რომ სააკაშვილის თითქოს მოლაპარაკებებში ჩართვა არის შეურაცხყოფა პირველ რიგში იმ ევროპელი და ამერიკელი ჩვენი პარტნიორებისა და დიპლომატების, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან არიან, იმიტომ სააკაშვილი მსჯავრდებულია ერთი მხრივ საქართველოში, ქართული კანონმდებლობით და ქართული სასამართლოების მიერ და მეორე მხრივ, იგი ამხილა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სისტემური დანაშაულის ორგანიზებაში. ესეთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანის მოლაპარაკებათა მაგიდასთან შემოყვანის მცდელობა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისა და დიპლომატების პირდაპირი შეურაცხყოფაა. ამასთან, ეს ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ვისურვებდი, რომ ასეთი საზიანო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.