ანრი ოხანაშვილი - კლინიკის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, მიიღოს შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს, ეს არის განზრახ თვითდაზიანება
ანრი ოხანაშვილი - კლინიკის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ სააკაშვილს აქვს საშუალება, მიიღოს შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს, ეს არის განზრახ თვითდაზიანება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, როგორც კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს აქვს საშუალება, მიიღოს შესაბამისი რაციონი, თუმცა ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს.

ოხანაშვილის თქმით, ამას ჰქვია განზრახ თვითდაზიანება. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სერვისი მიეწოდება.

„ამ საკითხზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უნდა მოვუსმინოთ, ვისაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და პაციენტზე ზრუნვის ინტერესი. კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს საკვები და შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამაზე მიზანმიმართულად ამბობს უარს. სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებული და სააკაშვილთან დაკავშირებული არიან, არათუ ხელს უწყობენ, რომ ამ ადამიანმა საკვები მიიღოს, არამედ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერს აკეთებენ. კლინიკის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ამ ადამიანს აქვს საშუალება, მიიღოს საკვები, შესაბამისი რაციონი, მაგრამ ამას მიზანმიმართულად არ აკეთებს. ამას ჰქვია თვითდაზიანება განზრახ და მიზანმიმართულად. მან საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ საკვები მიიღოს. ხელისუფლება ვალდებულია, პატიმრის უფლება დაიცვას და მას შესაბამისი სერვისი შესთავაზოს. სახელმწიფოს მხრიდან ეს შესაძლებლობა არსებობს და დარჩენილია მისი ნაბიჯი, რომ საკუთარი თავი მიზანმიმართულად არ დააზიანოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.