ანრი ოხანაშვილი - ხვალ ინტერპელაციის ფორმატში მორიგ მასტერკლასს და საინტერესო პაექრობას ველოდებით
ანრი ოხანაშვილი - ხვალ ინტერპელაციის ფორმატში მორიგ მასტერკლასს და საინტერესო პაექრობას ველოდებით

ოპოზიციას ჩვევად აქვს ქცეული, რომ ბაქი-ბუქობს და ტრაბახობს, რომ რაღაცაში ვინმეს ჩაჭრის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, სხდომათა დარბაზიდან ჩაჭრილები თავად გადიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ უნარი ვერ გამოიმუშავა, რომ პლენარულ სხდომას ბოლომდე დაესწროს და კონკურენტთან პაექრობას გაუძლოს.

„ეს არის მათი სისუსტე. ყველამ ვიხილეთ, რომ ქართული საზოგადოება და ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის დროს ერთ მხარეს იყო. მეორე მხარეს მარგინალური ოპოზიცია და ვირუსი იყვნენ. სამწუხაროდ, ეს ძალაში რჩება და მათ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება დიდი ხანი მოუწევთ. ხვალ ინტერპელაციის ფორმატში მორიგ მასტერკლას და საინტერესო პაექრობას ველოდებით. საზოგადოებას ინფორმაციას აქტუალურ საკითხებზე მივაწოდებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ხვალ დეპუტატები ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირველად მოუსმენენ. მთავრობის ხელმძღვანელს ათი კითხვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მიმართეს. მათი კითხვები ეკონომიკური და სოციალური ხასიათისაა.