ანრი ოხანაშვილი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებებს ნაადრევად მიიჩნევს
სახალხო დამცველის კომპეტენციებში ვერ შევალ, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რა შეფასებას გააკეთებს, მისი გადაწყვეტილებაა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებაზე.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, შეფასებები მაქსიმალური ანალიზის შემდგომ უნდა გაკეთდეს.
„ვისურვებდი, რომ კონკრეტული შეფასება ჯერ ჩვენ უნდა გამოგვექვეყნებინა, ვინაიდან საქმის მასალებთან უფრო დეტალური წვდომა გვაქვს, უშუალოდ ვიკვლევთ ყველა სახის ინფორმაციას და უშუალოდ ექსპერტებსაც ვუსმენთ. ამიტომ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, კონკრეტული შეფასებები გავაკეთოთ, ვიდრე ამ ეტაპზე სახალხო დამცველს. მე ვისურვებდი, კონკრეტული შეფასება ჯერ ჩვენ გაგვეკეთებინა და სახალხო დამცველის მხრიდან რეაგირება შემდგომ ყოფილიყო. თუმცა, ეს მისი კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ითქვა, რომ შესაძლოა, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლები და მოწმეები რამდენჯერმე მიიწვიონ კომისიაზე.
„ჩვენ ამ დღეებში ფაქტობრივად იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ბევრ მოწმეს, პროკურატურისა და შსს-ს წარმომადგენლებს კიდევ მოუწევთ მოსვლა. გარკვეული შეკითხვები კიდევ გაჩნდა. ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად ზუსტად გავარკვიოთ, თუ რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ არის, ამას რა გავლენა შეეძლო მოეხდინა საქმის გამოძიებაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივ გადაცდომას. ეს ყველაფერი რომ გავარკვიოთ, უფრო მეტი დრო და ანალიზი გვჭირდება. ჩვენს ხელშია ეს ყველაფერი, ამ შესაძლებლობას სახალხო დამცველი მოკლებულია. ამ ეტაპზე არასწორია, გავაკეთოთ შეფასება, ვისი ბრალეულობა იკვეთება და ვინმემ ვინმეზე ზემოქმედება მოახდინა, ვინაიდან ჩვენ სრული სურათი ჯერ შექმნილი არ გვაქვს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
სახალხო დამცველმა დღეს მთავარ პროკურატურას მიმართა, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.