ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციონერ დეპუტატებს ხალხი ფულს რუსთაველის გამზირზე შეშის ტარებასა და ცეცხლის დანთებაში არ უხდის
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციონერ დეპუტატებს ხალხი ფულს რუსთაველის გამზირზე შეშის ტარებასა და ცეცხლის დანთებაში არ უხდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმასა და ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას უხერხულობას შეუქმნის ის, თუ მმართველი გუნდი ვერ შეასრულებს თავის ვალდებულებას, რომლის პასუხისმგებლობაც საზოგადოების წინაშე აიღო.

„საზოგადოების დაკვეთა სახელმწიფო სისტემის და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი საქმიანობაა. მათი დაკვეთაა ასევე ის, რომ მათი ინტერესებისთვის ვიმუშაოთ. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში შემოვდივართ, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ. ოპოზიციას საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება აქვს და შეუძლია, ეს განახორციელოს, მაგრამ როგორც კი, ეს ყველაფერი კანონის ფარგლებს გასცდება, სამართლებრივი რეაგირება მოხდება. საზოგადოება ამ ხალხს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს უხდის. ფულს არ უხდიან რუსთაველის გამზირზე შეშის ტარებასა და ცეცხლის დანთებაში. იმ შეშის, ვითომ გასათბობად რომ მიჰქონდათ, რომელსაც რეალურად პოლიციელების წინააღმდეგ იყენებენ და მათ ესვრიან. ხალხი მათ ფულს ამისთვის არ უხდის, ასეთი მეთოდები წარსულს ჩაბარდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთ დესტრუქციულ ჯგუფებს აგრესიული მოქმედების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. პოლიციამ ცივილურად, დემოკრატიულად და კულტურულად იმოქმედა და ასე გააგრძელებს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.