ანრი ოხანაშვილი - კეზერაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია უმნიშვნელო ხარვეზზე, რასაც კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ ექნება
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ პროცედურული ხარვეზები ფიქსირდება ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ამას კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებაზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა კეზერაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნული კომენტარით ანრი ოხანაშვილმა უპასუხა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „მინდა, გთხოვოთ ყურადღების გამახვილება გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც წერია, რომ წვრთნების საქმეზე დავით კეზერაშვილისთვის დაირღვა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება, რომ განგვიმარტოთ, ეს რას ნიშნავს?“.
ოხანაშვილის თქმით, საუბარია მხოლოდ უმნიშვნელო, პროცედურულ ხარვეზზე და სწორედ ამიტომ არ დაკმაყოფილდა კეზერაშვილის მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ 15 000 ევროს ოდენობის მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„მესმის, რომ რთულ მდგომარეობაშია პარტიული ტელევიზია. პარტიული ტელევიზია არის მძიმე მდგომარეობაში, როდესაც მთელი პერიოდის განმავლობაში ხდება პირის წარმოჩენა, თურმე ის არის მედიაზე, დემოკრატიაზე მზრუნველი და ჯერ საქართველოს სახელით დგება განაჩენი მისი დამნაშავეობის შესახებ, შემდგომ სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს ქართული მართლმსაჯულების სისტემის მიერ დაყენებულ განაჩენს. მესმის, რომ ეს მძიმეა, მაგრამ ამას უნდა შეეგუოთ და კარგი იქნება, თუ გაემიჯნებით. ეს არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და როდესაც საუბრობთ ხოლმე ევროპაზე, მე მიგითითებთ თქვენ სტრასბურგის გადაწყვეტილებებზე. თუ თქვენ პროფესიას პატივს სცემთ, ადამიანს, რომელიც თქვენ გაფინანსებთ და რომელიც მხილებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში, ქართული ჯარის ფულის გაძარცვაში, მითვისებაში და გაფლანგვაში, უნდა გაემიჯნოთ და თქვენი პროფესიული ეთიკა, მოვალეობა დააყენოთ უფრო მაღლა. რაც შეეხება იმ საკითხს, რომელზეც თქვენ კითხულობთ, სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი შეიძლება ჰქონოდა უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზს, ამასთან დაკავშირებით ნამსჯელი არის. ეს არის უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზი, ნებისმიერ გათვითცნობიერებულ იურისტს რომ ჰკითხოთ, ეს არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც შესაძლოა, ყოველ მეორე გადაწყვეტილებაში იყოს. კეზერაშვილი ასევე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, ჯერ ხომ სახელმწიფოს ბიუჯეტი გაძარცვა, ჯარის ფული გაძარცვა და წაიღო, 15 მილიონი ლარი დღევანდელი კურსით, ეს არ იკმარა და აქეთ პრეტენზიას უყენებდა სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, თურმე მორალური ზიანი განიცადა და 15 000 ევროს ოდენობით ითხოვდა მორალურ ზიანს. აქ რომ მართლა რაიმე ტიპის დარღვევა დაედგინა, მართლა არსებით დარღვევაზე რომ იყოს საუბარი, 15 000 ევროს გადახდაზე რატომ უთხრა უარი სტრასბურგის სასამართლომ? მიზანმიმართულად აღინიშნა, რომ პროცედურული ხარვეზები ფიქსირდება ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვერავითარი გავლენა ამას კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებაზე ვერ ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კეზერაშვილთან დაკავშირებით დადგინდა, რომ მის მიმართ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ადგილი არ ჰქონია, მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.
„ტექნიკურ, უმნიშვნელო ხარვეზებზე აღინიშნა, საუბარია კონკრეტულ მოსამართლესთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, შალვა თადუმაძე, რომელიც იყო პროკურორი, შემდგომ, როგორც ერთმა მოსამართლემ, დანარჩენ ორ კოლეგასთან ერთად, განიხილა საქმე, ხომ არ არსებობდა აღქმა, რომ ის შეიძლებოდა არ ყოფილიყო მიუკერძოებელი. სტრასბურგის სასამართლომ ამასთან დაკავშირებით იმსჯელა, თუმცა არ უთქვამს, რომ აპრიორი ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან მიკერძოებულობას, აღქმა არსებობდა და რადგან საზოგადოებაში შეიძლებოდა გაჩენილიყო აღქმა, რომ თანამდებობის პირი, იყო გენერალური პროკურორი და შემდგომ გახდა მოსამართლე, ეს ხარვეზად აღნიშნულია. საუბარია უმნიშვნელო ხარვეზზე. დაკისრებულიც კი არ აქვს სახელმწიფოს რაიმე სახის, ოდენობის თანხა. ასე რომ, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა, როგორც თქვენ გინდათ, რომ წარმოადგინოთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება.