ანრი ოხანაშვილი - კანონდარღვევას რეაგირების გარეშე არავინ დატოვებს
ანრი ოხანაშვილი - კანონდარღვევას რეაგირების გარეშე არავინ დატოვებს

ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, თუმცა როგორც კი ვინმე ეცდება, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ის ვერ შეაფასებს რომელიღაც კონკრეტული პირის განცხადებებს სამართლებრივად, რადგან ქვეყანაში სამართლებრივ რეაგირებას კონკრეტული საგამოძიებო ორგანო ახორციელებს.

„კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს კომენტარი რაიმე სახის სამართლებრივ რეაგირებას, წყვეტს შესაბამისი საგამოძიებო ორგანო. პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, სწორი არ იქნება. თუკი ვინმე გაბედავს და კანონის ფარგლებს გასცდება, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს რა თქმა უნდა არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა. თუ ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, მოხდება კანონის შესაბამისად ჩარევა და რეაგირება. აქედან გამომდინარე, შეფასება, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია. ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ. განუხრელად შეხედულებებისა და დამოკიდებულებისა ამა თუ საკითხისადმი. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში კი განმარტავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.