ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევაზე სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღებით ვეცნობით, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება
ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის საბჭოს ორი წევრის არჩევაზე სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღებით ვეცნობით, ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სრული ლეგიტიმაცია აქვს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, იუსტიციის საბჭოში რა, როგორ მოხდა, მისი კომპეტენცია არ არის.

„იყო დრო, როცა ძმები კუბლაშვილებიდან ერთი უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო მეორე ძმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო ნიკა გვარამია და დასრულდა ის დრო, როცა საბჭო პოლიტიკით იყო გაჯერებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და მოსაზრებები მნიშვნელოვანია, რასაც ყურადღებით ეცნობიან.

„რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებებსა და მოსაზრებებს, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ მას ყურადღებით ვეცნობით და ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება. სასამართლოსთან დაკავშირებით ჩემი ხელმძღვანელობით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გახლავთ. ყველას შევთავაზე კონკრეტული იდეის წარმოდგენა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ გავატარეთ რეფორმები, რამაც დამოუკიდებელი მოსამართლის ინსტიტუტის განმტკიცება უზრუნველყო, სასამართლო დამოუკიდებელია და წინ მიიწევს. ამ საუბრებს წერტილი რომ დავუსვათ, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ. არ არის გამოხმაურება. რთული და წარმოუდგენელია კონსულტაცია ოპოზიციასთან, რომლის ნაწილი ბოიკოტშია, ნაწილი აქციებს აანონსებს, თუმცა ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აშშ-ის საელჩომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით, განცხადება გუშინ გაავრცელა. ამავე საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.