ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სსკ-ის ახალი პროექტი, რომელიც ბევრ ნოვატორულ მიდგომას ითვალისწინებს
ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სსკ-ის ახალი პროექტი, რომელიც ბევრ ნოვატორულ მიდგომას ითვალისწინებს

იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ბევრ ნოვატორულ მიდგომას ითვალისწინებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილმა თეა წულუკიანს სოლიდური, ანალიტიკური და კომპლექსური მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტსა და სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა.

„ვისაუბრებ იმ თანამშრომლობის პერსპექტივებზე, რა პერსპექტივებიც ჩვენ გვაქვს იუსტიციის სამინისტროსთან დაგეგმილი და იმ საინტერესო კანონპროექტებზე, რომლებიც 2019-2020 წლების ფარგლებში იქნება ინიცირებული საქართველოს პარლამენტში.

იუსტიციის სამინისტროს ეგიდით შემუშავებულია სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრ ნოვატორულ მიდგომას სასჯელებთან დაკავშირებით, ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის წარმოდგენას პარლამენტში. სააღსრულებო კუთხით შეიქმნება ახალი კოდექსი, რომლის ძირითადი არსიც სააღსრულებო კოდექსის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგება გახლავთ.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უნდა დაინიცირდეს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან პარლამენტში, მისი ძირითადი არსია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული დირექტივებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების ასახვა. ასევე, ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის ავტორი იქნება იუსტიციის სამინისტრო და ამ ცვლილებებით ერთ სამართლებრივ აქტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმების კონსოლიდაცია მოხდება.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც უკვე ინიცირებულია სამინისტროს ავტორობით, არის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და პროგრესული დოკუმენტი. უკანასკნელ პერიოდში თანამედროვე მსოფლიოში ტენდენციაა დავების გადაწყვეტა ალტერნატიული საშუალებების მეშვეობით. სწორედ აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება კანონპროექტი მედიაციის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ზოგადად საქართველოში მყოფი ადამიანებისთვის, მათი დარღვეული უფლებების დარღვევისთვის ისეთი გზის შეთავაზება, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოში, მედიაციის მეშვეობით დავის გადაწყვეტა რათა დაიხარჯოს მცირე დრო, ნაკლები დანახარჯი და ფინანსური რესურსები იყოს დაზოგილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ინიციატივების გაცნობასთან ერთად, ოპოზიციონერ კოლეგებს სამუშაო პროცესებში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც ბავშვის უფლებების დაცვისთვის მყარი გარანტიები ჩადო, ამიტომ თქვენ უნდა აღიაროთ ხოლმე ასეთი საკითხები, თუმცა ერთი პრინციპული საკითხი არის, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ და ეს თქვენს ტოტალურ უუნარობაზე მიუთითებს, იმიტომ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ აღიაროთ წარმატება.

ქალბატონებო და ბატონებო, როდესაც საუბრობთ კრიტიკაზე, კრიტიკა მისაღებია ჩვენთვის, თუ ეს იქნება ობიექტური, მაგრამ იმის აღიარება მაინც უნდა შეგეძლოთ, რომ სახელმწიფოთა შორის დავას როდესაც იგებს საქართველო და საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, 10 მლნ ევროს გადახდა ეკისრება რუსეთს, ეს უნდა აღიაროთ. ეს არის გამარჯვება ჩვენი მოქალაქეებისათვის, ეს არის გამარჯვება იუსტიციის სამინისტროსთვის და დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.