ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის მიერ დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს
იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის მიერ დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მსურს, ასევე, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრს, ბატონ რატი ბრეგაძეს გაწეული დაუღალავი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. წარმატებას ვუსურვებ მას შემდგომ საქმიანობაში. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, იმ სამთავრობო გუნდის წევრობა, რომელიც ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილია საქართველოს პარლამენტისთვის.
მოგეხსენებათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა იუსტიციის სფეროში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სერვისების უზრუნველსაყოფად. ამიტომ იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს ჩვენი გუნდის დაწყებულ არაერთ სახელმწიფოებრივ საქმეს და მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი პრიორიტეტების შესრულებას“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.