ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს საქმიანობას ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებით, რომელიც არის მოქალაქეებისთვის სერვისების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა
ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს საქმიანობას ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებით, რომელიც არის მოქალაქეებისთვის სერვისების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა

2028 წლისთვის იუსტიციის სახლის მოქმედების არეალი სრულად დაფარავს ყველა მუნიციპალიტეტს. გაგრძელდება „მობილური იუსტიციის სახლების“ პროექტიც, რომელიც რატი ბრეგაძის ინიციატივა იყო. დაგეგმილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც. ამ მიმართულებითაც მოქალაქეებს შესაბამისი სერვისების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში გაგრძელდება სერვისების მიწოდების ეფექტიანობის შემდგომი ამაღლება, რათა უმაღლესი სტანდარტით მოხდეს სერვისების შექმნა, მიწოდება და ხარისხის კონტროლი.

„ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება დამისამართების პროექტს და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების პროექტების დამტკიცებას. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება პარლამენტთან. ზუსტი მისამართების არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დროულ, უფრო ხარისხიან მიწოდებას. გაგრძელდება და დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტიც და ყველა იმ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე მუშაობა, რაც სამთავრობო პროგრამით არის გათვალისწინებული“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.