ანრი ოხანაშვილი - ინტერესი თუ იქნება, რომ შეთანხმება შედგეს, კარი არავისთვის დაგვიკეტავს
ანრი ოხანაშვილი - ინტერესი თუ იქნება, რომ შეთანხმება შედგეს, კარი არავისთვის დაგვიკეტავს

პრეზიდენტს თავისი შეხედულება და შეფასება აქვს. ეს მისი პოზიციაა, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გაკეთებული დღევანდელი განცხადება.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არც ერთ მხარეს, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას კომპრომისის გზაზე არ ეყო გამბედაობა, ვაჟკაცობა.

ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს და თუკი ინტერესი იქნება, რომ სამართლიან თამაშის წესებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, კარი არავისთვის დაუკეტავთ.

„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე ყველას ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ჩვენ ძალიან კარგად ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, როგორც მმართველი პარტია. ამიტომ დავდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები. ყველას სურვილია და ყველას ინტერესებშია, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლიან პოლიტიკურ თამაშის წესებზე შევთანხმდეთ. დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ჩვენ, რაც გავაკეთეთ ეს სამართლიანი შეთავაზებებია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებიდან გამოსულიყო არა დამარცხებული და ხელისუფლება გამარჯვებული, არამედ ყოფილიყო სამართლიან პოლიტიკურ თამაშის წესებზე შეთანხმება. ჩვენ ეს კონკრეტული გეგმა დავდეთ. სამწუხაროა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. თუკი ინტერესი იქნება, რომ სამართლიან თამაშის წესებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, ჩვენ კარი არავისთვის დაგვიკეტავს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.