ანრი ოხანაშვილი - ჰარცელს რაიმე არაზუსტი ინფორმაცია თუ მიეწოდა, გეტყვით, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განხილულა და ჩვეულებრივი პროცედურით ვიმსჯელეთ
ანრი ოხანაშვილი - ჰარცელს რაიმე არაზუსტი ინფორმაცია თუ მიეწოდა, გეტყვით, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განხილულა და ჩვეულებრივი პროცედურით ვიმსჯელეთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით არ განუხილავთ.

ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას, რომ „საქართველო აგრძელებს დაჩქარებული წესით კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას“.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად პასუხობს.

„ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განგვიხილავს. ამიტომ თუ კარლ ჰარცელს რაიმე არაზუსტი ინფორმაცია მიეწოდა, გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განხილულა და ჩვეულებრივი პროცედურით ვიმსჯელეთ. პარტნიორებთან კონსულტაციები გვქონდა და მათ კონკრეტული პოზიცია ვთხოვეთ, დასაბუთების სახით ყოფილიყო წარმოდგენილი, ხომ არ არის რომელიმე საქმე სტრასბურგის გადაწყვეტილებებში, რომელთანაც წინააღმდეგობაში მოდის. რაიმე ასეთი თუ იქნებოდა, დამატებით ვიმსჯელებდით, მაგრამ ასეთი ვერ აღმოჩნდა. ჩვენთვის ასეთი რამ მოწოდებული არ ყოფილა, ამიტომ კანონპროექტი მივიღეთ. ცვლილებები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ საქმეს, რომელთან მოდის წინააღმდეგობაში. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების ფარგლებში მზაობა გამოვთქვით, რომ მზად ვართ, ამ საკითხებზე მსჯელობა მომავალშიც იყოს, მაგრამ მეტი დასაბუთება გვჭირდება, რამესთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის. წესით, ამ პოზიციაზე ელჩებს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კანონპროექტი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. მეორე მოსმენის დროს ოპოზიციას არათუ პოლიტიკური გამოსვლით არ უსარგებლია, კითხვაც კი არ დაუსვამს ცვლილებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ კონტრარგუმენტები არ არსებობს. ვისაც ინტერესი ჰქონდა, არასამთავრობოები კომიტეტის სხდომას დაესწრნენ, პოზიციები გაიცვალა და გამოჩნდა, რომ არის სუბიექტური დამოკიდებულება. არსებობს თუ არა საერთაშორისო მიდგომები, რასთანაც წინააღმდეგობაში მოდის? – ვერც ერთი ასეთი მიდგომა ვერ იქნა წარმოდგენილი. საუბარი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებაზე უადგილოა, რადგან ამ პროცედურით არ გვისარგებლია და ცვლილებების განხილვაზე თხოვნაც გავითვალისწინეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.