ანრი ოხანაშვილი - გუშინდელ ფაქტებს ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, რაც ვიხილეთ, საერთო არაფერი ჰქონდა ეკლესიასთან და ტრადიციებთან
ანრი ოხანაშვილი - გუშინდელ ფაქტებს ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, რაც ვიხილეთ, საერთო არაფერი ჰქონდა ეკლესიასთან და ტრადიციებთან

გუშინდელ ფაქტებს ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, რაც ვიხილეთ, საერთო არაფერი ჰქონდა ეკლესიასთან და ტრადიციებთან, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ გვერდითაა. მისი თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელონ და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.

„კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტებთან მიმართებით ძალადობას, შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და სამართალდარღვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ. ამას ექნება ადეკვატური, პროპორციული, სამართლებრივი რეაგირება. იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არაფერი ჰქონდა საერთო არც ეკლესიასთან, არც ქართულ ტრადიციებთან და საერთოდ არც არაფერში ჯდებოდა. შესაბამისად, ძალიან მძიმე, ცუდი საყურებელი იყო და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლიციას იმ შრომისთვის, რომელიც უწევდა თითოეულ მათგანს, რათა დაეცვა ჟურნალისტები თუ მოქალაქეები. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი და ამას ექნება ადეკვატური და პროპორციული რეაგირება. კიდევ ერთხელ, ჟურნალისტებს გისურვებთ წარმატებას თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და იცოდეთ, რომ სახელმწიფო ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ თქვენ თქვენი საქმიანობა ყოველთვის განახორციელოთ შეფერხების გარეშე და ასეთი რამ აღარ განმეორდეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.