ანრი ოხანაშვილი - გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება და საქმის გადაკვალიფიცირება სწორია
ანრი ოხანაშვილი - გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება და საქმის გადაკვალიფიცირება სწორია

მჯერა, რომ გამოძიება ყოველ მხრივ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, გამოძიებამ ოჯახის არც ერთი შეკითხვა არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი.

„ეს უმძიმესი შემთხვევაა ოჯახისთვის. მათ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ. ჩვენთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ძალიან ძვირფასია. შესაბამისად, ამ საქმემ და გამოძიებამ ოჯახის არც ერთი შეკითხვა არ უნდა დატოვოს პასუხგაუცემელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინფორმაციით, გადაკვალიფიცირდა ქმედება და გამოძიება მიმდინარეობს განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე, დამამძიმებელ გარემოებებში. ამ ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება და საქმის გადაკვალიფიცირება სწორია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

​მისივე თქმით, ბოლო დროს ხდება სამწუხარო ინტერპრეტაციები.

„ჩემთვის უმთავრესია, რომ ოჯახს შეკითხვებზე არ დარჩეს პასუხი გაუცემელი. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ბოლო დროს სამწუხარო ინტერპრეტაციებს, ძალიან ბინძურ და ცუდ განმარტებებს. როდესაც არ იცი საქმის დეტალები, არ შეიძლება, ისაუბრო ისე, რომ დამატებითი ტკივილი მიაყენო ახლობლებს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო. მჯერა, რომ გამოძიება ყოველ მხრივ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. მთავარია, რომ ოჯახი ინფორმირებულია და მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება. იმის გარანტი, რომ ოჯახმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღოს, არის საგამოძიებო ორგანო. გარდა ამისა, ყველა იმ მხარეს, ვინც იქ იყო, ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ჯგუფში გარკვეული სტერეოტიპული აზროვნება ჯერ კიდევ შემორჩენილია. ეს სტერეოტიპული აზროვნება, რომ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდება თითქოს არასწორად აღიქმება ვიღაცის მხრიდან, უნდა დაინგრეს. ეს ბნელი აზროვნებაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.