ანრი ოხანაშვილი - გიორგი გახარიამ უსაფრთხოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა უზრუნველყო 
ანრი ოხანაშვილი - გიორგი გახარიამ უსაფრთხოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა უზრუნველყო 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ქართულმა პოლიციამ 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე ძალადობრივი ქმედებების მოგერიება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყვეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი 20 ივნისის მოვლენების შეფასებაზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს დიდი ხანია, მყარი პოზიცია აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობაში შეჭრა, სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მცდელობა და საქართველოს პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა არ დაუშვეს, რაც არის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პოზიცია.

„ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება. ამ ამოცანას ისახავდა მიზნად შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიამ უსაფრთხოებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა უზრუნველყო. გადააცილა თუ არა ვინმემ უფლებამოსილებას, ეს საკითხი ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. დადგენილების პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა, ყველა სახელისუფლებო შტოს მოუწოდებს, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინოს ერთი მხრივ, ძალადობრივი მონაწილეებისა და ორგანიზატორების გამოკვეთის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს უფლებამოსილებათა შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისია და ის არის პასუხისმგებელი მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზეც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ოპერაციას ხელმძღვანელობდა და შესაბამის დავალებებს გასცემდა შინაგან საქმეთა მინისტრი.