ანრი ოხანაშვილი – გიორგი გახარიამ იმოქმედა სახელმწიფოს ინსტიტუტისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესით, მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა
გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელმაც როგორც მინისტრმა, იმოქმედა სახელმწიფოს ინსტიტუტისა და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას აქვს მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა.
„მან უზრუნველყო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაწესება. რაც შეეხება იმ კონკრეტულ გადაცდომებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს საზოგადოების ზოგიერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან ძნელია ბუნებრივია ყველასთვის, ამასთან დაკავშირებითაც არის რეაგირება დაწყებული, არამხოლოდ კონკრეტული რეაგირება, არამედ დაახლოებით 10 პირზეა საუბარი, თუ არ ვცდები, ვისაც შეუჩერდათ უფლებამოსილება, პოლიციის თანამშრომლებს. ასევე, ორი პირის მიმართ იკვეთება დანაშაულის ჩადენის ნიშნები. ამასთან მიმართებით სწორედ გიორგი გახარია არის მინისტრი, რომელიც რეაგირებს ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და მეორე მხრივ, თუკი ვინმე გადაამეტებს უფლებამოსილებას, არ ტოვებს რეაგირების გარეშე. მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასევე, ჩემი ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაშიც მიმდინარეობს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები. გიორგი გახარიას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა და მისი გადადგომა არ არის ლეგიტიმური“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.