ანრი ოხანაშვილი - გიგა ბოკერიამ, მისმა გუნდმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ რიგებში მიმოიხედონ, მორალური უფლება არ აქვთ, ირაკლი კობახიძის თანამდებობრივ საკითხზე ისაუბრონ  
ანრი ოხანაშვილი - გიგა ბოკერიამ, მისმა გუნდმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ რიგებში მიმოიხედონ, მორალური უფლება არ აქვთ, ირაკლი კობახიძის თანამდებობრივ საკითხზე ისაუბრონ  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ მორალური უფლება არ გააჩნიათ, ირაკლი კობახიძის თანამდებობრივ საკითხზე ისაუბრონ.

როგორც ჟურნალისტებს ოხანაშვილმა განუცხადა, ძალიან ცუდი შეცდომა იყო დაშვებული, რაც არ უნდა მომხდარიყო.

„არ ვამბობთ, რომ ამ შეცდომას რამე გადაწონის. სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერა ფიქსირდება, არსად წერია, რომ სხდომა რუსეთის დელეგაციას უნდა წაეყვანა. ეს იყო პროტოკილის საორგანიზაციო საკითხი, სადაც შეცდომა დაუშვეს და ამაზე ზაქარია ქუცნაშვილმა ბოდიში მოიხადა. ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს იყო საორგანიზაციო შეცდომა. ორგანიზატორებმა კითხვებზე პასუხები უნდა გაგვცენ, ასამბლეა როგორ დაიგეგმა, როგორ გაიწერა, იცოდნენ თუ არა, რომ სხდომა საბერძნეთის დელეგაციას უნდა წაეყვანა, როგორ აღმოჩნდა სპონტანურად, წინმსწრებად ასეთი გადაწყვეტილება მიღებული, ვინ მიიღო გადაწყვეტილება. ამაზე პასუხები გვჭირდება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ გამოსვლაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა.

„თუ ირაკლი კობახიძის გუშინდელ გამოსვლას მოუსმინეთ, მან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა, რომ რუსეთის ოკუპაციას არასოდეს შევეგუებით. რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი მხრიდან ამაზე ყოველთვის ადეკვატური რეაგირება იქნება“, – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ გიგა ბოკერიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ რიგებში მიმოხედვა ურჩია.

„გიგა ბოკერიამ, მისმა გუნდმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ რიგებში მიმოიხედონ. თუ ვინმე არ უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ეს ხალხია. მორალური უფლება არ გააჩნიათ, ირაკლი კობახიძის თანამდებობრივ საკითხზე ილაპარაკონ. ეს მანდატი ხალხმა მოგვცა და მათი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.