ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ცვლილებებით დამატებით როგორ დარეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები
ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ცვლილებებით დამატებით როგორ დარეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით 2013 წლიდან მოყოლებული ახორციელებს სასამართლო სისტემის თანმიმდევრულ რეფორმირებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება.

„ამ რეფორმების შედეგად, ქართულ სასამართლო სისტემას აქვს შთამბეჭდავი წარმატება, რაც აღიარებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორის ორგანიზაციების მიერ. ამასთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს სისტემაში არსებული საკითხების დახვეწა და კიდევ უფრო გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, 2019 წელს განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება, რამაც უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და არჩევის უპრეცედენტოდ ღიად, გამჭვირვალედ, ხანგრძლივი პროცედურებით წარმართვა. შედეგად, უზრუნველყოფილი იყო საზოგადოების მიერ ამ პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა.

ამასთანავე, ჩვენ ვითანამშრომლეთ ვენეციის კომისიასთან პროცედურების შემდგომ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ რამდენიმე თვის წინ, კერძოდ 2020 წლის 8 ოქტომბერს, შეიმუშავა საბოლოო რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მიზნითაც დავაინიცირეთ ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.

ჩვენი მიზანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გავაგრძელოთ სასამართლოს რეფორმირება მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც განმარტა, მათ მიერ დაინიცირებული ცვლილებებით, დამატებით თუ როგორ დარეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხები.

„გაუქმდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ნახევრად ღია კენჭისყრის წესი და კენჭისყრები იქნება ღია. შესაბამისად, საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება ინფორმაცია საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისა და კენჭისყრაში ხმის მიცემის შესახებ. საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევას და პარლამენტისთვის წარდგენას საფუძვლად დაედება კანდიდატების შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულები, რაც ნიშნავს ე.წ. ,სარეიტინგო სიის ფორმირებას. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტს ასარჩევად წარედგინება მხოლოდ საუკეთესო შეფასების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები. ასევე, გათვალისწინებულია საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, საბჭოს წევრი დაუჭერს თუ არა კანდიდატს მხარს.

წარმოდგენილი ცვლილებით, გათვალისწინებულია კანდიდატის მიერ გასაჩივრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ხელახალი გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.