ანრი ოხანაშვილი - გამოკითხვაზე დაბარებისას პოლიტიკური ნიშნით მიდგომაზე აპელირება მოდად იქცა
ანრი ოხანაშვილი - გამოკითხვაზე დაბარებისას პოლიტიკური ნიშნით მიდგომაზე აპელირება მოდად იქცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანის გამოკითხვაზე დაბარებისას პოლიტიკური ნიშნით მიდგომაზე აპელირება ბოლო დროს მოდად იქცა.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი გამოკითხვაზე „ტვ პირველის“ მფლობელის, ბიზნესმენ ვახტანგ წერეთლის დაბარებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერი პირის გამოკითხვაზე დაბარება, საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ჩატარება პოლიტიკური შეფასებებისგან უნდა დაიცალოს.

„ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავზარდოთ. ამ ბოლო დროს მოდად იქცა, რომ თუ პირს გამოკითხვაზე იბარებენ, ყველა აპელირებს, თითქოს, ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით მიდგომას. კონკრეტული საგამოძიებო ორგანო როგორ საგამოძიებო ტაქტიკას აირჩევს, ვის როდის გამოკითხავს და რა სახის საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს, მისი გადასაწყვეტია. ამ კითხვის ადრესატი ხელისუფლება არ არის. ეს არასწორი მიდგომაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ბიზნესმენი ვახტანგ წერეთელი დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზე იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, ვახტანგ წერეთლის  გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ  გამოძიებას  უკავშირდება.