ანრი ოხანაშვილი - ფუფუნება არ გვაქვს, ვიღაც ვაიპოლიტიკოსების სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და ხალხს არ დავეხმაროთ
ანრი ოხანაშვილი - ფუფუნება არ გვაქვს, ვიღაც ვაიპოლიტიკოსების სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და ხალხს არ დავეხმაროთ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ან კანონმდებლობაში ჩაიხედონ, ან სამართებრივი რჩევა ჰკითხონ ვინმეს და ეტყვიან, მათი მხრიდან აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ სოციალური დახმარების გაცემა საარჩევნო მოსყიდვაა -, ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი მსგავს განცხადებებს მაშინ გაავრცელებ, როცა საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ კრიზისულ ვითარებაში ვიმყოფებით. მთელს მსოფლიოში კრიზისია. სხდომათა დარბაზში ოპოზიცია საუბრობდა იმაზე, რატომ უფრო მეტს არ ვაძლევდით დახმარებას ხალხს წინა თვეებში, უფრო ხანგძლივად რატომ არ ხორციელდებოდა თანხების გაცემა და პრემიერის პასუხი იყო ის, რომ მათ რჩევებს გავითვალისწინებდით და საზოგადოებას ისეთ პაკეტს შევთავაზებდით, რაც მოქალაქეებს მდგომარეობას შეუმსუბუქებდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში საზოგადოებას წინ ფარივით გადაეფარა, რათა მათ დარტყმა არ მიეღოთ და ქვეყანაში ეპიდემიური აფეთქება არ ყოფილიყო.

„საზოგადოებას ფარად იმ რესურსების ფარგლებში გადავეფარეთ, რაც შეგვეძლო. ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლების მოვალეობა. ოპოზიციური ჯგუფები იმას ამბობდნენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა და მეტი თანხის გამოყოფა იყო საჭირო. ამას ვითვალისწინებთ, მაგრამ საზოგადოების საჭიროებებს მათი მოსაზრებების გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობთ, რადგან საზოგადოების პულსზე ხელი გვაქვს და მათი მაჯის ცემას ვგრძნობთ. ვიცით, მოსახლეობას რა უჭირს, რა გამოწვევები აქვს, პანდემიის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობაა საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლება ფხიზლად იყოს და საკუთარი ხალხის ფარი იყოს. ფუფუნება არ გვაქვს, ვიღაც ვაიპოლიტიკოსების სისულელეებზე საუბრის გამო დავკომპლექსდეთ და საზოგადოებას არ დავეხმაროთ, მათ შორის კრიზისში მყოფ ბავშვებს, მოხუცებს, შშმ პირებს. ეს ადამიანები ჩვენი განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტები არიან. ჩვენი გეგმა ჩვენი ხალხია“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

დატოვე კომენტარი