ანრი ოხანაშვილი - ფარული კადრების საქმეზე ყველა შესაძლო მოქმედი პირი უნდა დადგინდეს, იქნება ეს ორგანიზატორი, თუ გამავრცელებელი
ანრი ოხანაშვილი - ფარული კადრების საქმეზე ყველა შესაძლო მოქმედი პირი უნდა დადგინდეს, იქნება ეს ორგანიზატორი, თუ გამავრცელებელი

გამოძიება უნდა წარიმართოს სრულყოფილად, უნდა დადგინდეს ყველა შესაძლო მოქმედი პირი ამ საქმეში, იქნება ეს ორგანიზატორი, გამავრცელებელი, თუ კონკრეტული ქმედების ჩამდენი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად მუშაობს.

„ფაქტია, რომ გამოძიება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. გამოკვეთილი არიან მთელი რიგი პირები. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა წარიმართოს სრულყოფილად, უნდა დადგინდეს ყველა შესაძლო მოქმედი პირი ამ საქმეში. იქნება ეს ორგანიზატორი, გამავრცელებელი, თუ იქნება ეს კონკრეტული ქმედების ჩამდენი. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მადლობა ეკუთვნის მათ ასეთი ოპერატიული მუშაობისთვის, დანარჩენი ეს უკვე გამოძიების საკითხია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ენდობა გამოძიებას, რომელიც დეპუტატის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს.

„მე ჰიპოთეზებზე და თეორიებზე ვერ ვისაუბრებ. ვენდობი გამოძიებას, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ყოველგვარი პოლიტიკური განცხადება უნდა ჰკითხოთ იმ ადამიანს, ვინ ასეთ განცხადებას აკეთებს. ვერ ვისაუბრებ იმ ადამიანის ნაცვლად, ვისაც აქვს გარკვეული ეჭვები“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.