ანრი ოხანაშვილი - „ევროპულმა საქართველომ“ იჩქარა, როდესაც მ.კ-ს თანამონაწილეობის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა
ანრი ოხანაშვილი - „ევროპულმა საქართველომ“ იჩქარა, როდესაც მ.კ-ს თანამონაწილეობის შესახებ რეკომენდაცია გამოსცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტენსიურად იმუშავა, ყველა მტკიცებულების შესაგროვებლად, რაც არასრულწლოვანისთვის ბრალის წარსადგენად არის აუცილებელი, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი უფრო მაღალ სტანდარტს მოითხოვს, შესაბამისად, იმისთვის, რომ პირს ბრალი წარედგინოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს, რასაც ინტენსიური მუშაობა სჭირდებოდა.

„ცრუ ჩვენების დადგენა მარტივი საკითხი არ არის, ამ ყველაფერს შეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სჭირდება, რაც ფაქტია, რომ ამ საქმეში არსებობს. არ ვიცნობ დეტალებს, რომელ ჩვენებებზეა საუბარი, თუმცა, როდესაც პირისთვის ბრალის წაყენება ხდება, საჭიროა შეჯერებული მტკიცებულებები“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, მუშაობა გრძელდება საგამოძიებო კომისიაშიც.  მომდევნო კვირაში კომისია ძირითადი მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.

„კომისიის ფარგლებში მუშაობა ანალიზზე დაფუძნებით უნდა ვაწარმოოთ. მომდევნო კვირაში, იმ ძირითადი მოწმეების გამოკითხვებს ვასრულებთ, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ. ამის შემდგომ ჩვენებებს შევაჯერებთ, თუ  მივალთ დასკვნამდე,  რომ არსებობს ეჭვები და აუცილებელია კონკრეტულ პირთან მიმართებაში გამოძიების დაწყება შესაძლოა, რეკომენდაცია გავცეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, „ევროპულმა საქართველომ“ იჩქარა, როდესაც როდესაც მ.კ.-ს შესახებ რეკომენდაცია გასცა.

„ევროპული საქართველო“ ჩქარობს და იჩქარა, როდესაც შეფასება გააკეთა და რეკომენდაცია მ.კ,-ს თანამონაწილეობის შესახებ გამოსცა. არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენგან ყველა დამაჯერებელ პასუხებს ელოდება. ასეთი პასუხებისთვის შეჯერებული მტკიცებულებები გვჭირდება. ამის შესაძლებლობა კი, მომდევნო კვირიდან გვექნება, თუ გამოიკვეთა რამდენიმე ჩვენება, რომელიც კონკრეტული პირის მიერ ცრუ ჩვენების მიცემაზე მიუთითებს ან სხვა რამე სახის შესაძლო დანაშაულის რისკები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით გუშინ არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა, რომელსაც დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.