ანრი ოხანაშვილი - „ევროპული საქართველოს“ ე.წ. დოკუმენტი არის არაკომპეტენტური, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს
ანრი ოხანაშვილი - „ევროპული საქართველოს“ ე.წ. დოკუმენტი არის არაკომპეტენტური, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს წარმოვადგენთ დასკვნას, რომელიც არის ობიექტური და დაფუძნებულია კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე, – ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის მიერ შემუშავებული ე.წ. დოკუმენტი „არაკომპეტენტურია და პოლიტიკური ელფერი აქვს“.

„ჩვენ დღემდე ველოდებით „ევროპული საქართველოს“ საბოლოო რედაქციულ ვერსიას, თუმცა საბოლოოდ დასრულებული სახით დოკუმენტი ვერ მივიღეთ. მათ მიერ შემუშავებული ე.წ დოკუმენტი არის სრულიად არაკომპეტენტური და აქვს აბსოლუტურად პოლიტიკური ელფერი. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა დოკუმენტი, რომელიც ობიექტურ რეალობაზე იქნება დაფუძნებული და სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენს დასკვნაში კრიტიკული ხედვები გვაქვს. დავადგინეთ ხარვეზები, რომლებმაც მტკიცებულებათა ხარისხზე გავლენა იქონიეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის მუშაობის ფარგლებში გამოკვეთა, რომ კონკრეტული უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციები გვაქვს, რომლითაც შესაბამის ორგანოებს ამ რეკომენდაციების შესრულებას დავავალებთ. კომისიამ ამ დასკვნაში დაადგინა ის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უწყებრივ და პოლიტიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენ ვიქნებით მომთხოვნი იმ რეკომენდაციებით, რომლებიც ჩამოვაყალიბეთ. კომისიის სხდომაზე აღნიშნული დასკვნის განხილვის შესახებ საკითხს დავაყენებთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კითხვაზე, უმრავლესობის მიერ მომზადებული დასკვნა ეხება თუ არა სუბელიანსა და მ.კ-ს, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დასკვნაში შესაბამისი საკითხები მათაც ეხებათ.

„მინდა გითხრათ, რომ შესაბამისი საკითხები აღნიშნულ პირივნებებსაც ეხებათ. კონკრეტულ დეტალებს ძალიან მალე გეტყვით“, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის წევრმა.

როგორც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარმა ეკა ბესელიამ განაცხადა, იმ პროექტს ვერ დაეთანხმებიან, რომლითაც დარღვეულია კონსტიტუციის ყველა პრინციპი და რომელიც, მომზადებულია მცდარ ფაქტებზე დაყრდნობით.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას #4-ის ეზოში.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს.