ანრი ოხანაშვილი - ევროპის საბჭოს რეზოლუციიდან სიტყვა პროპორციული სავსებით ლეგიტიმურად არის ამოღებული
ანრი ოხანაშვილი - ევროპის საბჭოს რეზოლუციიდან სიტყვა პროპორციული სავსებით ლეგიტიმურად არის ამოღებული

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აღარ არის დაფიქსირებული, რომ მიზანშეწონილია, შეთანხმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მოხდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ რეზოლუციიდან სიტყვა – პროპორციული სავსებით ლეგიტიმურად არის ამოღებული, ვინაიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან საკითხი იქნა დასმული, რომ რომელ საარჩევნო მოდელს აირჩევს ქვეყანა, ეს თავად ქვეყნის სუვერენული უფლებაა.

„მთავარია, ეს დაფიქსირებული არ არის და ამას ყველა დაეთანხმა. რაც შეეხება მოწოდებას ევროპელი კოლეგების მხრიდან და რჩევას, რომ პოლარიზაცია არ იყოს, ამას ვიზიარებთ. არავის სურს, რომ პოლარიზაცია და დაძაბულობა იყოს. ყველას ამოცანაა, რომ პოლიტიკური დისკუსიისკენ ნაბიჯები გადავდგათ. ეს ნაბიჯები გადავდგით, როცა ოპოზიციასთან ერთად დავსხედით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მსჯელობა კონკრეტულ საკითხებზე დავიწყეთ. ამ პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ და რჩევებს ყურადღებით ვისმენთ, მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე პროპორციული სიის გაზრდის თაობაზე შეთავაზება ამიტომ გაკეთდა. ნაბიჯები გადადგმული გვაქვს და ყველაფერს ვაკეთებთ, რეკომენდაციების საფუძველზე კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ საარჩევნო გარემო“, – განაცხადა ოხანაშვილმა.