ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს

ცემა, ძალადობა და კრიმინალი მთელი რიგი გარემოების გათვალისწინებით დასჯადი ქმედებაა. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ვინმეს მხრიდან ვინმეზე ძალადობის გამართლება ან იმის პროპაგანდირება, რომ ვინმე ვინმეს თითებს დაამტვრევს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, ვინმე თუ გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას, პროპორციულად ადეკვატური პასუხი იქნება.

„არ მინდა, შეფასებაში შევიდე, რადგან პარტიულმა ტელევიზიებმა შეიძლება ეს იმისთვის გამოიყენონ, რომ თითქოს ვინმეს ვემუქრები. ვინმემ გაბედავს რაიმე უკანონო მოქმედების განხორციელებას? პროპორციულად ადეკვატური პასუხი იქნება. არავითარ ძალადობას გამართლება არ აქვს და ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია. იმედი მაქვს, რომ კონკრეტულ პირთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული იმისკენ, რომ რაიმე ტიპის ძალადობა მოხდეს – ეს ჩვენი მიზანი არ არის. პირიქით, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ რაღაც რომ მოხდეს, ვინმემ შეიძლება ხელი გაიშვიროს. ეს არ არის სწორი. თუ ვინმემ დააშავა, ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს, რასაც შესაბამისი უწყება გააკეთებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.