ანრი ოხანაშვილი - ე.წ. ოპოზიციამ ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია
ეს არის ცინიზმის მწვერვალი, ამ ადამიანებს არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვთ, არც სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავენ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების შეფასებისას.
„ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია ე.წ. ოპოზიციამ. ეს ადამიანები არათუ გმობენ იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც 20 ივნისს პარლამენტის შეჭრის დროს ხორციელდებოდა, არამედ, ბოდიშსაც არ იხდიან იმ საზოგადოების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვინც დაზიანდნენ რუსთაველის გამზირზე. ისინი ცინიზმით, ირონიით და პროვოკაციული ქმედებებით გამოირჩევიან, აანონსებენ, თურმე ეს ყოფილა „საშვების რევოლუცია“, 10 ტყუილი და ა.შ. ჯერ რა ტერმინოლოგიით საუბრობენ. რა გახსენდებათ ვინმე კაკო ბობოხიძის მხრიდან, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაშია, რით დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას თავი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იღებს ხელფასს. რატომ აქვთ ამ ადამიანებს უფლება, რომ ენდოს საზოგადოება მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს. ეს არის სრული მასკარადი, ეს არის ცინიზმის მწვერვალი, ამ ადამიანებს არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა არ აქვთ, არც სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე ზრუნავენ. მათთვის მთავარია, ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, რამე ფორმით სცადონ რევანში და ხელისუფლებაში მოსვლა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოში უპრობლემოდ ტარდება.
„ყველას უსაფრთხოებას უზრუნველვყავით და დავიცავთ ბოლომდე. რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების პოზიციას, ეს მათი არჩევანია, რადგან სამწუხაროა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებული. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნებიან იმ რეჟიმს, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და რუსთაველზე აქციის ორგანიზატორებმა გუშინ ისაუბრეს ათი ფაქტის შესახებ, რომელზეც, მათი თქმით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოლო ინტერვიუში იცრუა.