ანრი ოხანაშვილი - ძალიან სამწუხაროა, როცა ერთი მხრივ, დასავლურ ღირებულებებზე საუბრობ, მეორე მხრივ კი თავს ესხმი ელჩებს და სტრატეგიულ პარტნიორებს
ძალიან სამწუხაროა, როცა ერთი მხრივ, დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე საუბრობ, მეორე მხრივ, თავს ესხმი ელჩებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსების რომელიმე განცხადება თუ არ მოსწონთ, მზად არიან, შეურაცხყოფა მიაყენონ.
„სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ჯგუფები პირდაპირ და საჯაროდ აფიქსირებენ ანტიდასავლურ განცხადებებს. მათ რომელიმე ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადება თუ არ მოსწონთ, რა რანგიც არ უნდა ჰქონდეს, მზად არიან, შეურაცხყოფა მიაყენონ. ისინი ამით შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპას და ამერიკას. ეს პირდაპირი მცდელობაა, საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობები გააღვივონ. ეს არ არის ახალი, ნაცადი მეთოდია. ძალიან სამწუხაროა, როცა ერთი მხრივ, დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე საუბრობ, მეორე მხრივ, თავს ესხმი ელჩებს და კონკრეტული თანამდებობის პირებს, შეურაცხყოფას აყენებ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც არიან გარანტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.